სააღდგომო ნობათს დღის განმავლობაში ქუთაისში 3000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს

17/04/2020

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა სასურსათო ამანათები მიიტანეს იმ ოჯახებში, რომლებსაც გამკაცრებული რეგულაციების გამო პროდუქტის შეძენა და მომარაგება უჭირთ. სააღდგომო ნობათს დღის განმავლობაში ქუთაისში 3000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. აღნიშნულ აქტივობას ქუთაისის მერია ყოველ წელს ახორციელებს.
21 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების სრულად აკრძალვის გათვალისწინებით ქუთაისში მცხოვრებ ათასობით ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება პროდუქტს საცხოვრებელ ადგილებზე ურიგებს. რამდენიმე ოჯახში დღეს პირადად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდა, მათ სასურსათო პაკეტები გადასცა და რეკომენდაციების სრულად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე სასურსათო ამანათები მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიამ მიიღო და ეს პროცესი გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0