საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პარტიულ მოადგილესთან დაკავშირებით და ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე. ასევე, განხილული იყო ცესკო-ში წევრების შემადგენლობის საკითხი, კერძოდ, ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობა ჰქონდეს არა „პატრიოტთა ალიანსს“, არამედ მისგან გამოყოფილი და პარლამენტში შესული დეპუტატების მიერ შექმნილ პარტია „ევროპელ სოციალისტებს“. როგორც სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტზე იმსჯელეს, მათ შორის იმაზე, რომ იყოს პროფესიული ნიშნით დანიშნული მოადგილეც, რომელიც თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს.
„რამდენიმე ვარიანტია, მაგრამ მთავარი არსი ისაა, რომ არ გვქონდეს სიტუაცია, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეასრულებს, იქნება რაღაც პერიოდში წევრი, რომელიც არის პარტიული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საკითხი, ცესკო-ში „პატრიოტთა ალიანსს“ ეყოლება წარმომადგენელი თუ „ევროპელ სოციალისტებს,“ არაორდინალურ გადაწყვეტას მოითხოვს.
„ევროპელი სოციალისტები“ არიან ხელმომწერნი, როგორც თავდაპირველი მემორანდუმის, რომელიც „მოქალაქეებთან“ გავაფორმეთ, ასევე, 19 აპრილის შეთანხმების და არიან პარლამენტის წევრები. მათ დააყენეს საკითხი, რომ არიან ამ პოლიტიკური პროცესის მონაწილეები, ამიტომ მიაჩნიათ, რომ უნდა ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი. გვაქვს არაორდინალური სიტუაცია და არაორდინალური სიტუაცია ითხოვს არაორდინალურ გადაწყვეტებს. ეს არის „ევროპელ სოციალისტთა“ პოზიცია, რაც გაგვაცნეს წინა შეხვედრაზე. აქაც ვფიქრობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი კანონპროექტის ვერსიაში ნათქვამია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს სამი მოადგილე, მათ შორის, ოპოზიციურიც და მათ შორის პროფესიულიც.
„ჩემი პირადი აზრით, სამი მოადგილე ზედმეტია და ორი მოადგილე სრულიად საკმარისია. უფრო მნიშვნელოვანია რა ფუნქციები ექნებათ თავად ამ მოადგილეებს, ვიდრე რამდენი მოადგილე იქნება, თუმცა, ეს ის საკითხი არ არის რაზეც პრინციპულად მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით შემუშავებული ერთი კანონპროექტი მომდევნო კვირაში ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი შემდეგი შეხვედრა ხვალ გაიმართება.