საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს – „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად შეიქმნა, მესამე შეხვედრა გამართა. განხილული იყო სამი საკითხი: საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო დავები და ადმინისტრაციული რესურსი. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული, რადგან განხილული საკითხების უმრავლესობაზე მიღწეულია შეთანხმება.
„ჩვენი დისკუსიის შედეგი ის არის, რომ საარჩევნო კომისია დარჩეს შერეული ტიპის, როგორც დღეს გვაქვს, ანუ, საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტებული იქნება პროფესიული ნიშნით და პარტიული ნიშნით, თუმცა განსხვავებით დღევანდელი სქემისა, პარტიული ნაწილი იქნება არა პროპორციული წესით განსაზღვრული, სადაც ზოგ პარტიას სხვასთან შედარებით უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავს, არამედ დაცული იქნება პარიტეტი – ყველა პარტიას, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს თითო – თითო წარმომადგენელი ეყოლება. შესაბამისად, ამით უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ოპონენტების მოსაზრებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დღეის მდგომაროებით ცესკოში პროფესიული ნიშნით დანიშნული ექვსი წევრია, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – ხუთი და ახალი შეთავაზებით კი, ცესკოს დაემატება ორი წევრი და საოლქოს – სამი წევრი საარჩევნო პერიოდში.
სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ ყველა ბარიერგადალახულ პარტიას ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში საკუთარი წევრი ეყოლება.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გარდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო, რომ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციებში იყოს პარიტეტის საფუძველზე. თვითონ მემორანდუმი, რაც ჩვენ მმართველ პარტიასთან გავაფორმეთ, სწორედ ამას ითვალისწინებს. შეთახმების ნაწილი იყო, რომ ყველა პარტიას ჰყოლოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრი და დღეს შევთანხმდით, რომ როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე საოლქოში პარიტეტი დაცული იქნება პარტიების სასარგებლოდ. პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა იყო, რომ მათ წარმომადგენლობა კი არ ჰყოლოდათ სათათბირო ხმის უფლებით, არამედ სრულფასოვანი წევრები. ეს მიღწეულია და ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება სრულფასოვანი წევრი როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქოს დონეზე. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიას, ეს კომპონენტი დარჩენილია ღიად, რომელზეც არასამთავრობოებს აქვთ საკუთარი პოზიცია და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.