საარჩევნო პერიოდის მაისში დაწყებით ცესკოს დაახლოებით 5 მილიონი ლარით მეტი დასჭირდება

27/04/2016

საარჩევნო პერიოდის მაისში დაწყებით, საარჩევნო ადმინისტრაციას შრომის ანაზღაურების ნაწილში დაახლოებით 5 მილიონი ლარით მეტი დასჭირდება, ვიდრე ეს დაგეგმილია ბიუჯეტით, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.
მისივე განმარტებით, შესაძლოა, გაიზარდოს საკომუნიკაციო, სატრასპორტო თანხებიც.

”როგორც კი არჩევნები ინიშნება, ამ დროიდან უფლებამოსილმა პარტიებმა უნდა დანიშნონ წევრები, ცესკომ უნდა აირჩიოს დამატებითი წევრი საოლქო საარჩევნო კომისიაში – ეს არის 8 დამატებითი წევრი თითოეულ ოლქში. ამას ემატება კანონით განსაზღვრული კონკრეტული ჩანაწერი და მუხლი, როდესაც საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ორმაგი თანამდებობრივი სარგო ითვლება ხელფასად, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურება საარჩევნო პერიოდში გაცილებით მეტია, ვიდრე არასაარჩევნო პერიოდში. თუ ჩვენ ამას გავთვლით მაისის პერიოდიდან, დაახლოებით 5 მილიონი ლარით მეტ თანხას მოითხოვს. ეს არის სახელფასო ნაწილი, შრომის ანაზღაურება საოლქო საარჩევნო კომისიების გაზრდილი შემადგენლობისთვის და კანონით დადგენილი ორმაგი თანამდებობრივი სარგოსთვის”, – განმარტა ჟვანიამ.

ცესკო-ს თამჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ჩამოყალიბებულია, როგორც შემდგარი და კარგად მომზადებული, განვითარებული ინსტიტუცია, რომელიც ”ნებისმიერ დღეს არის მზად არჩევნების კარგად ჩატარებისთვის”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0