საარჩევნო ადმინისტრაციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი

22/08/2016

საარჩევნო ადმინისტრაციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გამართულ ღონისძიებაზე დოკუმენტის ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არიან: ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”, ”სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველო”, არასამთავრობოთა კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის, ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”.

დოკუმენტი მიზნად ისახავს 2016 წლის პარლამენტის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობას, კანონის უზენაესობის პატივისცემას და ძირითადი საარჩევნო პრინციპების განხორციელებას.
კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანმხდებიან, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.
ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან დოკუმენტის მნიშვნელობაზე და აღებულ ვალდებულებებზე ისაუბრა.

”ამ დოკუმენტში ჩვენ ვაღიარეთ, გავითავისეთ და ვთანხმდებით, რომ დავიცავთ კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობის პრინციპებს, ხელს შევუწყობთ ერთმანეთის საქმიანობას და ვიქნებით მაღალი ეთიკის და მაღალი სტანდარტების მქონე როგორც ადმინისტრატორები, ასევე დამკვირვებლები, რომ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს”, – აღნიშნა ჟვანიამ.

საქართველოს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერით, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით იმოქმედებს, მაქსიმალურად ღია იქნება სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციები კი, ვალდებულებას იღებენ, რომ მაქსიმალურად ობიექტურად და მიუკერძოებლად დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს, დარღვევებზე საუბარი შეძლებისდაგავარად გამყარდება კონკრეტული ფაქტებით, ინფორმაცია იქნება გადამოწმებული, ფინანსური სახსრები – გამჭვირვალე.
ცესკო-ს ინფორმაციით, სურვილის შემთხვევაში დამკვირვებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, ასევე აქვთ შესაძლებლობა ხელი მოაწერონ დოკუმენტს ცესკო-ში, რითაც ასევე გამოაცხადებენ თანხმობას იმოქმედონ ქცევის კოდექსში გაწერილი ნორმების მიხედვით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0