სააპელაციო სასამართლომ თურქეთში მომხდარ მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა

09/06/2017

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განაჩენი, რომლითაც სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული ელნურ ანტესოვი დამნაშავედ იქნა ცნობილი და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 28 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეში, საქართველოს მოქალაქეებმა: ელნურ ანტესოვმა, აზადე ომაროვამ და ვუგარ გულიევმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს სამი პირის, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქის განზრახ მკვლელობა. სამართალდამცველებმა ე. ანტესოვი, ა. ომაროვა და ვ. გულიევი 2016 წლის 8 ივლისს, ქ. მარნეულში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მეორე ნაწილის „ბ“ „ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) წარედგინათ.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ელნურ ანტესოვის თანამზრახველებს: ვუგარ გულიევს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, ხოლო აზადე ომაროვას – ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0