სააგენტოში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

13/12/2022

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 1 წლის საქმიანობა შეაჯამა.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდა. წლის განმავლობაში სააგენტოში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ გამართა. შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე, სოციალურ მუშაობაზე, 24-საათიანი რეაგირების ინსტრუმენტზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სერვისის (ბარნაჰუსის) გახსნაზე და სამომავლო გეგმებზე. კერძოდ, დასრულდა ჩვილ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და იქმნება ოჯახის გარემოზე და თემზე დაფუძნებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურეობები. მერი მაღლაფერიძემ ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიაც შეაჯამა. ყურადღება გამახვილდა პრევენციულ ღონისძიებებზე.აღნიშნულ კამპანიაში ჯანდაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გაერთიანდა და მთელი საქართველოს მასშტაბით ერთობლივი ღონისძიებები გამართა. შეხვედრაზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო სერვისების განვითარებაზეც ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის დამტკიცებაა, რომლის შემუშავებაზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0