რძის ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შედის

24/06/2017

სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლებს ,,რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შეტანილი ის ცვლილებები გააცნეს, რომელიც 2017 წლის 1 ივლისიდან შედის ძალაში. საქართველოს მთავრობის #152 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. აგრეთვე ცვლილებები შეეხეო „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას. აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79% – ს შეადგენს. ამასთან ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი – „კარაქის“ გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა. „ცვლილების განხორციელება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბოლო პერიოდში, რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის წარმოებამ მასიური ხასიათი მიიღო, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს. ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ასევე კეთილსინდისიერი ბიზნესის ხელშეწყობას, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებას“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ბიზნესოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლები და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენელი ესწრებოდნენ. რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0