რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

18/08/2017

სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის კორპუსების მშენებლობა დაასრულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. ასევე დასრულდა ძირითადი შენობის ფასადის მოპირკეთება.
სარემონტო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
კომპლექსი შედგება 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის დამხმარე შენობა-ნაგებობებისაგან. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი გათვლილია 220 საწოლზე. კლინიკის ძირითად შენობაში გათვალისწინებულია აუდიტორიები და ბიბლიოთეკა სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებითვის. ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის, ავტოსადგომისა და შიდა სავალი გზების მოწყობა. კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის 25 ნომრიანი სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, რუხის და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, სამედიცინო მომსახურების მისაღებად აღარ მოუწევთ ზუგდიდში ჩასვლა. ამასთან, კლინიკა მოემსახურება სხვა რეგიონიდან და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 41 264 058 ლარია. სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0