გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ადგილობრივებს რუხის განვითარების კონცეფცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დავით კოდუამ და ზუგდიდის გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ გააცნეს.
ამჟამად რუხში აფხაზეთთან დამაკავშირებელი მთავარი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე იწყება ხიდის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა. კერძოდ აშენდება ახალი ავტოსადგომი, მოსაცდელები, სკვერი, სველი წერტილები, დაიგება ახალი გზის საფარი.
ადგილობრივი მთავრობა რუხის ისტორიული ციხესიმაგრის დატვირთვას სხვადასხვა ახალგაზრდული, სპორტული, მუსიკალური და ფოლკლორული ღონისძიებებით გეგმავს. მოხდება რუხის ციხის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მისი ღია საგამოფენო სივრცედ გამოყენება. სოფელ რუხში ასევე განთავსდება Start UP ინკუბატორი, რაც ახალგაზრდებისთვის, თანამედროვე, თავისუფალ სამუშაო სივრცეს შექმნის.
ამავდროუად სოფელ რუხში მექანიზატორის ცენტრი აშენდება, სადაც უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა განთავსდება. ცენტრის შექმნის შემდეგ 50 ადგილობრივი დასაქმდება.
რუხში აქტიურად მიმდინარეობს საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელიც 220 საწოლზეა გათვლილი. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 264 000 ლარი იხარჯება. სამუშაოებზე 154 ადამიანია დასაქმებული. კომპლექსი 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება. საავადმყოფო რეგიონის მოსახლეობას და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება.
აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფელში რამდენიმე თვის წინ გახსნილ სავაჭერო ცენტრში ახალი ბრენდული მაღაზიბი შემოდიან. სავაჭრო ცენტრის დირექტორის დავით მაჭავარიანის განცხადებით, მოლაპარაკებებს სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან აწარმოებენ, ასევე დაგეგმილია ღია ბაზრის შეფუთვა, ბავშვთა გასართობი ცენტრისა და ფიტნეს ცენტრის მოწყობა. მულტიფუნქციურ ცენტრში წარმატებით ოპერირებენ სუპერმარკეტი „იალჩინი“, საშენ მასალათა ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელის „გორგიას“ ფილიალი, სურსათის ჰიპერმარკეტ „ლიბრეს“ ფილიალი, ავტოსერვისის ლიდერი კომპანია “თეგეტა მოტორსის“ მაღაზია და სერვისცენტრი. რუხის სავაჭრო ცენტრში ამჟამად სულ 200-მდე ადამიანია დასაქმებული.
სოფელ რუხში, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროექტი საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. მთლიანმა საინვესტიციო მოცულობამ 15 მილიონამდე ლარი შეადგინა. მოლის ტერიტორიაზე გაიხსნა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრი.
რუხის განვითარების კონცეფცია ადგილობრივებს გააცნეს
14/09/2016