რუსთავში ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გაიხსნა

23/05/2016

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა რუსთავში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გახსნა.
ახალი კონცეფციის ოფისის გახსნას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რუსთავის მერის მოადგილეები – ნოდარ შეროზია და ლაშა ლობჯანიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიკო ჯიქია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა გუგეშაშვილი დაესწრნენ.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მეგობრობის გამზირის #20ბ-ში განთავსებულ ოფისში მოეწყო სარეგისტრაციო სივრცე, ფუნქციონირებს ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგიის კაბინეტები, ხელმისაწვდომია ვიდეოპაემნის სერვისიც, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებთან პირდაპირი ვიზუალური და ხმოვანი კავშირი დაამყარონ.
ახალი შენობის გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოქმედ ხის საწარმოში დამზადებული პროდუქცია, ასევე სასჯელის ახალი სახის – შინაპატიმრობის აღსრულებისთვის განკუთვნილი ავტომანქანები და ელექტრონული მონიტორინგის აღჭურვილობა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა. ამ მიზნით სამინისტრო პრობაციონერებს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობს. პრობაციის სისტემის რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო 1824 პირობით მსჯავრდებულს მოემსახურება. ოფისში 11 ადამიანია დასაქმებული.
ბოლო პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო პრობაციის სისტემის 13 ოფისი – თბილისში, ზუგდიდში, გორში, ახალციხეში, ქარელში, კასპში, ტყიბულში, ზესტაფონში, ხულოში, შუახევში, ხაშურსა და თეთრიწყაროში.
ახალი კონცეფციის ოფისების გახსნა ეტაპობრივად ქვეყნის სხვა რეგიონებშიც იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0