რუსთავში, სხვადასხვა მიმართულებით, მასშტაბური პროექტები განხორციელდა

13/02/2024

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, მერიის თანამშრომლებთან ერთად, 2024 წელს განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ალექსანდრე დალაქიშვილი ესწრებოდნენ. ბოლო წლებში რუსთავში, სხვადასხვა მიმართულებით, მასშტაბური პროექტები განხორციელდა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც 2024 წელი იქნება. მიმდინარე წელს, 25 მილიონი ლარითაა გაზრდილი საწყისი ბიუჯეტი, განხორციელდება ახალი სოციალური პროგრამები და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქალაქში ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. უკვე მიმდინარეობს ტაშკენტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა ხანძთელის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს ძველი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავთენტური ახალი შენობის მშენებლობა, ქალაქის ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია, დასრულების ფაზაშია რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მეორე ეტაპი.
2024 წელს რუსთავში 54 პროცენტითაა გაზრდილი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი და ამ მიმართულებით, პირველი ეტაპის სამუშაოები, თებერვლის ბოლომდე დაიწყება. გრძელდება მუნიციპალური სერვისების რეფორმა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებაზე, 81 სოციალურ სერვისს ახალი პროგრამები დაემატა. სატრანსპორტო სფეროს რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალურ ავტოტრანსპორტს 20 ახალი ავტობუსი შეემატა, რომელიც უკვე მოძრაობს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, გაზრდილია ქალაქის მოვლა-პატრონობაზე გათვალისწინებული ბიუჯეტიც. პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდული პროგრამების და განათლების ხელშეწყობა. იგეგმება თანამედროვე საბავშვო მედიათეკის და რუსთავის ტექნოლოგიური აკადემიის მოწყობა, სიახლეებია დაგეგმილი კულტურის და სპორტის განვითარების სფეროშიც.
2024 წელს, რუსთავის მერიისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება გარემოს დაცვისა და ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების საკითხი. წელსვე დაიწყება რუსთავის ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები. რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 121 983 700 ლარს შეადგენს. მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ გამართულ პრეზენტაციას, რწმუნებულთან, მერთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნებისა” და მერიის ყველა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0