რუსთავში საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია დაიწყო

14/05/2016

ევროკავშირის ,,მერების შეთანხმების’’ სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის (CoMDeP) ფარგლებში, რუსთავში #40 საბავშვო ბაგა-ბაღის სრული ენერგოეფექტური რეაბილიტაციია დაიწყო.
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, ბაგა-ბაღების გაერთიანების #40 ფილიალში ენერგოეფექტური ფანჯრები, გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო და ახალი ელექტროტექნიკური სისტემები დამონტაჟდება. სამუშაოებს კომპანია ‘’mlines’’ ასრულებს.
საბავშვო ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილე ნოდარ შეროზია, ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქაუტაძე და მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის (SDAP) პროექტების მენეჯერი ვალერი მელიქიძე ადგილზე გაეცნენ.
ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულდა #6 საბავშვო ბაღში. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი კი. რომელიც შენობის გარე კონსტრუქციის დათბუნებას გულისხმობს, ზაფხულში განხორციელდება.
პროექტს – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (№6, №40, №41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ – ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, 2015 წლის 19 ნოემბრიდან მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი და რუსთავის მერია ერთობლივად ახორციელებენ.
808 765 ევროს ღირებულების პროექტს ევროკავშირი 646 527, ხოლო რუსთავის მერია 162 238 ევროთი აფინანსებს.
პროექტი რუსთავს, როგორც „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ ქალაქს, დაეხმარება აღებული ვალდებულებების შესრულებაში.
2011 წელს, ქალაქი რუსთავი ევროპის საერთო ხედვას შეუერთდა და ხელი მოაწერა ,,მერების შეთანხმების“ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, 2020 წლისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე CO 2 -ის გამოფრქვევის 20%-ით შემცირებაზე აიღო ვალდებულება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0