ბიზნესის წარმოება ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს – ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულების ნაწილში, კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიდგომები იქნება მკაცრი, პროცესის მონიტორინგი კი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულების მიზნით, დღეს რუსთავში მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ჩართულობით პირველი შეხვედრა დღეს „რუსელოისში“ გაიმართა.
„კომპანიის წარმომადგენლებმა აიღეს ვალდებულება და კონკრეტული თარიღიც დაასახელეს, რომ აპრილის თვეში დასრულდება საწარმოში ფილტრების დაყენება. ჩვენ ყოველდღიურად გავუწევთ მონიტორინგს ამ პროცესს და ნებისმიერ უწყებასთან კოორდინაციის გზით, კომპეტენციის ფარგლებში ჩავერევით, რომ მყისიერად მოხდეს ვალდებულების აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის უმკაცრეს ზომას მივიღებთ. მესმის რომ საწარმოში 700-მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა, ბიზნესის წარმოება არ უნდა ხდებოდეს მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარჯზე.“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
ადგილზე პირადად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე და შპს „რუსელოისის“ წარმომადგენლები. მხარეებმა „რუსელოისის“ საწარმოს იმ სტანდარტებთან შესაბამისობაზე იმსჯელეს, რაც აუცილებელი პირობაა რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე, გაეცნენ ტექნოლოგიური პროცესის მოსაწესრიგებლად „რუსელოისის“ მიერ დაგეგმილ იმ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია საწარმოდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მოკლე ვადებში შემცირებისა და მონიტორინგის ონლაინ სისტემაში ჩართვისთვის. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებთან საუბრისას აღნიშნეს, უკვე შეძენილია სპეციალური ფილტრაციის დანადგარები, რომლის ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წლის აპრილის თვეშია დაგეგმილი. ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული ეკოლოგიური გამოწვევის წინაშე, საწარმოო ზონასთან სიახლოვის გამო, რუსთავი ათწლეულებია დგას. მონიტორინგის კამპანიის დაწყება, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისათვის ქარხნების მხრიდან წარმოქმნილმა შეფერხებებმა განაპირობა. პროცესი ეტაპობრივად ქალაქში არსებულ ყველა საწარმოში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 2020 წელს ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მომზადდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 2021 წლის გაზაფხულზე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად დაამტკიცა.