რუსთავში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა

21/05/2018

რუსთავში 230 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
რუსთავის მე-10 საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრნენ.
„ვულოცავ ამ დღეს, პირველ რიგში ბავშვებს, ასევე – მშობლებს და ქალაქ რუსთავს. ახალი ბაღი რუსთავში დიდი ხანია არ აშენებულა. ამ ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო, მისი მშენებლობა მილიონ ლარზე ცოტა მეტი დაჯდა და როგორც ხედავთ, დიდი სიხარული მოუტანა ყველას. რეგიონებიდან ბევრი მოთხოვნა შემოდის საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რემონტზე. ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რომ ეს პროექტები დროულად და მაღალი ხარისხით გავაკეთოთ“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
“განათლების სამინისტროს მთავარი მიზანი განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვაა, რაც საბავშვო ბაღებიდან უნდა დავიწყოთ. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ამ საბავშვო ბაღში ჩვენი პატარებისთვის სრული კომფორტი იქნება შექმნილი” – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
რუსთავის მე-10 ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტი საბავშვო ბაღი აშენდა და გარემონტდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0