რუსთავში ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მარათონი გაიმართა

22/09/2016

დღეს, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, სოფელ გამარჯვების გადასახვევიდან ქალაქ რუსთავის მიმართულებით ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მარათონი გაიმართა. გარბენში მონაწილეობა IV მექანიზირებული ბრიგადის, I ქვეითი და I საარტილერიო ბრიგადების, V ქვეითი და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
მარათონი საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა. 12 კილომეტრიან გარბენში 212 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.

მარათონში გამარჯვებული სამხედროები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ სიმბოლური მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0