რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე, მგზავრთა გადაყვანის ტარიფის თაობაზე, რუსთავის მერიაში ბრიფინგი გაიმართა

25/01/2019

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი გასული წლის იანვრის ბოლოს შეიცვალა.
რუსთავის მერია, ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სპეციალური საბჭო შექმნა, რომელიც რეალური ტარიფის დადგენაზე იმუშავებდა. ამ ეტაპზე, საბჭო მგზავრთა ნაკადის დათვლას აწარმოებს. როგორც რუსთავის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიამ, რომელიც მგზავრთა ნაკადს ითვლის, სერიოზული გადაცდომები გამოავლინა მ2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების სვლა-გეზის ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის კომისიის მუშაობას და როგორც მგზავრთა რეალური რაოდენობის, ასევე რეალური ტარიფის დადგენასაც აფერხებს.
მ2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა ხდება იმ მარშრუტების გვერდის ავლით, რომელზეც კომპანია “ინტერტრანსს“ ნებართვა აქვს აღებული და რომელთა მიხედვითაც, სპეციალურმა საბჭომ მგზავრთა არსებული რაოდენობა უნდა დაადგინოს.
ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ კომპანია “ინტერტრანსმაც“, ამ გადაცდომების შესახებ, დღეს შეიტყო კომისიის სხდომაზე და ეს, არც მათ ინტერესებში არ შედის.
როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, სიტუაციის შესწავლის თხოვნით, სამართალდამცავ ორგანოებსაც უნდა მიმართონ, რადგან დასადგენია ამ შეფერხებების რეალური მიზეზი და საზოგადოების ინტერესებში შედის, რომ დადგინდეს რეალური ღირებულება ამ მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანისთვის. რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა, კომპანია “ინტერტრანსს“ ამ მარშრუტის თერთმეტივე ლოტზე აქვს მოპოვებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0