საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავის პროფესიული კოლეჯის „მოდუსი” რეაბილიტაცია დასრულდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პირველ ეტაპზე დასრულდა კოლეჯის ძირითადი სასწავლო კორპუსისა და სახელოსნოების სრული რეაბილიტაცია. სასწავლებელი სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 703 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე წელს კოლეჯში, ასევე დაიწყება დამატებითი შენობის მშენებლობა, სადაც დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, სასადილოს, ფაბლაბისა და თეორიული კლასების ნაწილის განთავსება, რომლის საერთო ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, კოლეჯი ემზადება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული დამატებით 10 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასანერგად, რის შემდეგაც დამატებით 400 სტუდენტი დაეუფლება პროფესიას.
რუსთავის პროფესიული კოლეჯის „მოდუსი” რეაბილიტაცია დასრულდა
13/09/2019