რუსთავის მერია კიდევ ერთ პროექტს იწყებს

30/03/2024

რუსთავის მერია კიდევ ერთ პროექტს იწყებს და კამპანია “თაობა მომავლისთვის” ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონულ ახალგაზრდულ ქსელს ქმნის, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას, რუსთავში უკვე დანერგილი სიახლეების, მიმდინარე პროექტების გაცნობას და რეგიონის განვითარებაში მათ ჩართულობას ისახავს მიზნად.
რუსთაველმა ახალგაზრდებმა მარნეულიდან, ბოლნისიდან, დმანისიდან, თეთრიწყაროდან, წალკიდან და გარდაბნიდან ჩამოსულ თანატოლებს უმასპინძლეს, ქალაქის ისტორია და მნიშვნელოვანი პროექტები გააცნეს. პროექტის მონაწილეებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ალექსანდრე დალაქიშვილი შეხვდნენ, ახალგაზრდებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს მათი საჭიროებები და ის იდეები მოისმინეს, რომლებიც მუნიციპალიტეტების განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრის დასასრულს, რწმუნებულმა, ქალაქის მერმა და პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდებს სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ვიზიტის პირველ დღეს, ახალგაზრდებმა, რუსთავის მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, მედიათეკა, რუსთავის ცენტრალური პარკი, ნიჩბოსნობის სკოლა და იპოდრომი დაათვალიერეს. დღეს კი რუსთავის ახალ სპორტის სასახლეს და ისტორიულ მუზეუმს გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0