რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას, – ამის შესახებ საუბარია ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ, 2015 წლის ანგარიშში, რომელიც ალიანსის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ანგარიშში საქართველოს დიდი ადგილი ეთმობა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთმა ნატო-ს საზღვრებთან სამხედრო აქტიურობა მნიშვნელოვნად გაზარდა და მოახდინა დემონსტრირება, რომ მზად არის, საკუთარი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ძალა გამოიყენოს.
“რუსეთმა ძალა საქართველოში 2008 წელს გამოიყენა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
2015 წლის ნატო-ს ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია გასული წლის განმავლობაში ნატო-სა და მისი მოკავშირეების მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები, ასევე აღნიშნულია, რომ 5-20 ივნისს ბალტიისპირეთში გამართულ მასშტაბურ საზღვაო წვრთნებში ქართველმა სამხედროებმაც მიიღეს მონაწილეობა.
საკვანძო სამხედრო წვრთნებს შორის დასახელებულია საქართველოში, 2015 წლის 8-22 ივლისს ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნებიც, რომელშიც ქართველების გარდა, მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა სამხედრომ ბულგარეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან და აშშ-დან.
ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს ჩატარდა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა ნატო-სა და მის მოკავშირეებს შორის, მათ შორის საქართველოშიც.
დოკუმენტის თანახმად, ნატო ასევე მუშაობდა ევროკავშირთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის პარტნიორთა, მათ შორის საქართველოს მხარდასაჭერად. ანგარიშში, სადაც ნატო-ს პარტნიორებზეა საუბარი, დეტალურადაა განმარტებული ნატო-ს აქტივობები ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში და ამ კონტექსტში საქართველოცაა ნახსენები.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს წევრობის მისწრაფებისადმი და მოუწოდეს განახორციელოს წევრობისთვის საჭირო რეფორმები, ასევე დაადასტურეს ნატო-ს მხარდაჭერა ამ ძალისხმევისადმი.
“ალიანსმა 2015 წელს დაადასტურა მისი ერთგულება ღია კარის პოლიტიკისადმი. ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც ალიანსის ფასეულობებს იზიარებს, მზად არიან და შეუძლიათ აიღოს წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ნატო-მ რიგი სიახლე შემოიღო, რამაც მისცა გარკვეულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობა.
რუსეთი განაგრძობს საქართველოს ნაწილების უკანონო ოკუპაციას
28/01/2016