რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგი ვართ

08/04/2016

რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ, რომ რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგი ვართ, – ეს განცხადება გერმანულ გამოცემა “დოიჩე ველესთან” საუბარში სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გააკეთა.

„არასდროს მითქვამს, რომ რუსეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა იყო ან შეიძლება იყოს ჩვენი მფარველი. რუსეთს არასდროს უთამაშია სომხეთისთვის ისეთი როლი, როგორსაც თურქეთი აზერბაიჯანისთვის თამაშობს“, – განაცხადა სარგსიანმა.

მან მთიან ყარაბაღში კონფლიქტისთვის პასუხისმგებლობა ბაქოს დააკისრა და იქვე აღნიშნა, რომ ერევანი მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე იმის გამო არ მიდის, რომ „სიტუაციის დამატებით გართულება არ სურს“.

„დოიჩე ველეს“ ჟურნალისტმა ჰკითხა სომხეთის პრეზიდენტს, რატომ შეუერთდა სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს და რა იყო ამის მიზეზი, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთი კვლავ არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე და „საბოლოოდ ევროკავშირთან დოკუმენტს მოაწერს ხელს“.

„რუსეთის მხრიდან არასდროს არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენ ვხელმძღვანელობდით ეკონომიკური მიზანშეწონილობით. რუსეთი ჩვენი მთავარი ბაზარი და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთიდან ყველა ენერგომატარებელსა და სხვა რესურსებს ვიღებთ. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში რუსეთმა ძალიან ხელსაყრელი პირობები შემოგვთავაზა და საკუთარ საქონელზე 30%-იანი შეღავათი დააწესა. ჩემი პრინციპია, მივიღო გადაწყვეტილებები, რომლის რეალიზებაც შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0