რუსეთის არაკონსტრუქციული ნაბიჯების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას

15/03/2018

რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია და უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საგანგაშო შემთხვევაცაა, ძლიერი დაძაბულობის შემტანია რეგიონში – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტისას, კაპიტოლიუმში სენატორ ორინ ჰათჩთან შეხვედრისას გააკეთა. სენატორთან საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, რუსეთის არაკონსტრუქციული ნაბიჯების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და შესაბამისად, ამ კუთხით, ჩვენი მეგობარი მხარდამჭერების მობილიზებას ევროკავშირსა და აშშ-ში.
“სწორედ ამას ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში, (ევროკავშირში), როდესაც მოხერხდა საქართველო – ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ სიმაღლეზე და თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა. აი, ამ ხაზის გაგრძელებაა ახლა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0