საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, ნიდერლანდების სამეფოში ნიდერლანდების ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრით დასრულდა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული დღის წესრიგი განიხილეს. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, კომიტეტის წევრები (აუდიტის ჯგუფი): გოგი მეშველიანი, ბეჟან წაქაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, რომან გოცირიძე და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოში ევროკავშირთან დაძმობილების პროექტის „საჯარო ფინანსებზე საჯარო ზედამხედველობის გაუმჯობესება“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. ჰააგაში ნიდერლანდების წარმომადგენლობით პალატასა და სენატში მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე გამახვილდა ყურადღება. პროფილურ საკითხებზე შეხვედრები გაიმართა ნიდერლანდების აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო საბჭოს, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის სამსახურის პირველ პირებთან. ასევე, საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის სამსახურში. ვიზიტი წარმატებულად შეაფასა საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. როგორც პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია ასეთი მაღალი დონის შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„ყველა შეხვედრა საინტერესო და საქმიანი იყო განსაკუთრებით გამოვყოფდი ნიდერლანდების მთავრობის ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას, სადაც მთავარი თემა საქართველოს ევროპული დღის წესრიგი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ყველა წევრი ერთ პოზიციაზე იყო”, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა TWINNG-ის პროექტის ხელმძღვანელობას აღნიშნული შეხვედრების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.