როცა ვთხოვე გვერდით დაგვიდექი-თქო, უამრავი ფული მოითხოვა

12/09/2016

სამი წელია ბურჭულაძე არ მინახავს, ნაწყენი ვიყავი, რადგან თავის დროზე, როცა ვთხოვე გვერდით დაგვიდექი, უამრავი ფული მოითხოვა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ივანიშვილის თქმით, მან პრესაში წაიკითხა, ლევან ბერძენიშვილის განცხადება, რომ ასეთი არაბუნებრივი გაერთიანება ვერ მოხდებოდაო, კერძოდ, კუბლაშვილს, ვაშაძეს და კაციტაძეს გულისხმობდა.

”ამაზე ბუნებრივი გაერთიანება მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ არ დაგიმალოთ. რანაირად შეიძლება კუბლაშვილი და ვაშაძის გაერთიანება იყოს არაბუნებრივი და კაციტაძისაც. თუ თქვენ გახსოვთ, გამყრელიძემ პოლიტიკა მხოლოდ იმ ნიშნით დატოვა, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ”ახალი მემარჯვენეები” იყვნენ ფსევდოოპოზიციური პარტია და ეს იყო ”ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილი. დღეს ასეთი ერთადერთი დარჩა ”ლეიბორისტული პარტია”. დანარჩენებიც – ქდმ ჩაიშალა, ნათელაშვილს არსად ჰქონდა წასასვლელი, იმიტომ, რომ მაგაზე უამრავი კომპრომატი აქვთ და დღესაც ამუშავებენ ”ნაცები”. კაციტაძე იყო ჩვეულებრივად ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი. მეტი ბუნებრივი გაერთიანება რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ასეთი ჩახლართული სიტუაციები და ასეთი ხელწერა გახლავთ სააკაშვილის. ის ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას. მადლობა ღმერთს, რომ ეს კარგად გაირკვა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილთან დადის ოდესაში, ფოტოებიც გამოქვეყნდა.

”გაიხსენეთ ბურჭულაძის პირველივე განცხადებები რომ მოვიდა. ნახეთ, სააკაშვილთან უკრაინაში რამდენჯერ ჩასულა, იქ დადის ძირითადად ეს კაცი. ფოტოები გამოქვეყნდა, ჩახუტებული სააკაშვილთან. მე სამი წელია ეს კაცი არ მინახავს. ნაწყენი ვიყავი იმიტომ, რომ თავის დროზე როცა ვთხოვე გვერდით დაგვიდექი, უამრავი ფული მოითხოვა და შეურაცხყოფილი იყო, უარი ვუთხარი. ამის შემდეგ 3 წლის განმავლობაში 60 წლისთავი სამჯერ გადაიხადა და არც ერთჯერ არ მივსულვარ. ბერძენიშვილს თუ არ წაუკითხვას ბურჭულაძის განცხადებები, წაიკითხოს, აბსოლუტურად თანხვედრაში იყო ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებთან. ნათელმხილველობას თუ არ დაიწყებენ ”რესპუბლიკელები და ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან და მკითხაობას თავს დაანებენ, კარგი იქნება. ობიექტური საფუძველი არ გააჩნიათ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0