სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი დონის რეგიონული კონფერენცია თბილისში დღეს დაიხურა. რეგიონული კონფერენციის საქართველოში ჩატარება საერთაშორისო სასამართლოს ინიციატივა იყო და მისი საფუძველი სასამართლოსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის წარმატებული თანამშრომლობაა, რომელსაც თბილისში ვიზიტისას ჰააგის სასამართლოს პროკურორმა „სამაგალითო“ უწოდა. რეგიონული ღონისძიება რომის სტატუტის 20 წლისთავს ეძღვნებოდა.
მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციას თბილისმა აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე უმასპინძლა. როგორც იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მნიშვნელობის შეფასებისას აღნიშნა, 20 წლის წინ მსოფლიოს ქვეყნებმა რომის სტატუტზე ხელმოწერით განაცხადეს, რომ არსებობს საერთაშორისო სისხლის სამართალი და რომ საერთაშორისო დანაშაული და ბოროტმოქმედება აღარასოდეს დარჩება დაუსჯელი. 15 წლის წინ საქართველო რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებს შეუერთდა იმ რწმენით, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება და საერთაშორისო სამართალი ყველასათვის, მათ შორის, ქართველებისთვის, ხელმისაწვდომი იქნებოდა. იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ დღესაც, 10 წლისთავზე იმ ომის შემდეგ, რომელშიც საქართველო საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლი გახდა, ეს რწმენა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან. იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს სჯერა, რომ საერთაშორისო დანაშაული არასდროს დარჩება დაუსჯელი.
როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს. მათ შორის გამოძიება შეეხება ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს. საქართველო სრულად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან, რათა დადგინდეს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები და დაკმაყოფილდეს დაზარალებულთა ინტერესები.
მაღალი დონის რეგიონული კონფერენციის მიზანი სასამართლოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და წახალისება; სასამართლოსა და სახელმწიფოებს შორის მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარება, სასამართლოსა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
კონფერენცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და ევროპული კომისიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტი) მიღების 20 წლისთავსა და საქართველოს მიერ მისი რატიფიცირებიდან 15 წლისთავს ეძღვნებოდა.
რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის 20 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები და ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა.
რომის სტატუტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია დასრულდა
26/10/2018