ალბათ ხშირად შესწრებიხართ სიტუაციას , როცა პატარები მშობლებს სერიოზულ თავსატეხს უჩენენ კვების კუთხით. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-სივრცე შესანიშნავად გაამხიარულა ზღვაში შვილის უკან თეფშით მადევარი დედის ფოტომაც, რომელიც ჩემი აზრით, და დიდი ალბათობით, კირჩხიბის ნიშნით უნდა ყოფილიყო დაბადებული. ის “იდუმალი” შვილი კი არც მეტი არც ნაკლები ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის იქნებოდა. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი ასტროლოგები საკმაოდ კონკრეტულ მინიშნებებს იძლევიან იმის შესახებ საჭიროა თუ არა ბავშვს დავაძალოთ საჭმელი და ზოგადად, რა სახის რაციონი აჯობებს მოვუმარაგოთ მას.
ასე მაგალითად – ცეცხლის სტიქიის ბავშვები ანუ ვერძები, ლომები და მშვილდოსნები ჰიპერაქტიურობითა და ენერგიულობით გამოირჩევიან. მათთვის აუცილებელია ბევრი რკინის შემცველი პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული. ასეთი ბავშვები უმადობას არასოდეს უჩივიან, თუმცა თამაშით გართულებს ხშირად ავიწყდებათ ჭამა. შესაბამისად, მშობელს მაქსიმალური ყურადღება მოეთხოვება, რომ შვილის კვების რეჟიმი გარკვეულ გრაფიკს დაუქვემდებაროს. ხშირად ცეცხლის ნიშნის ბავშვებს კომპიუტერთან ან თამაშის პროცესში მოსწონთ საკვების მიღება, რაც ასევე დაუშვებელია!
რაც შეეხებათ მიწის სტიქიის ნიშნებს – კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს, მათ შორის განსხვავებულ ინდივიდებს ვხვდებით. მაშინ როცა კურო საკმაოდ ღორმუცელა და გურმანი ბავშვია, ქალწულის მშობელს გამუდმებით უწევს შვილის პრეტენზიულობასთან შეგუება. ქალწული ბავშვები უმადობით ნაკლებად გამოირჩევიან, თუმცა მათ აქვთ სპეციფიკური მიდრეკილებები კვებაში რაც ხშირად ხდება მშობლისთვის დიდი “თავის ტკივილის” მიზეზი. რაც შეეხება თხის რქას, ის ხშირად იტანჯება ცუდი მადით პატარა ასაკში, ამიტომ სასურველია, ამგვარი ბავშვების რაციონში ბევრი ვიტამინებით გაჯერებული საკვები შევიტანოთ.
წყლის სტიქიის ბავშვები თევზები, კირჩხიბები და მორიელები ხშირად დიდი დოზით გურმანები არიან და არცთუ იშვიათად ახასიათებთ წონის მატებისკენ მიდრეკილება. ამიტომ მშობელს მოეთხოვება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ პატარას ზედმეტად მსუყე, ქოლესტერინით მდიდარი და გაჯერებული საკვები დოზირებულად მიაწოდოს. რათა სამომავლოდ თავიდან აიცილოს მათში წონასთან დაკავშირებული პრობლემები.
დაბოლოს, ჰაერის სტიქიის ნიშნებს ტყუპს, სასწორებსა და მერწყულებს ცეცხლის ნიშნების მსგავსად, ჰიპერაქტიურობა ახასიათებთ. თუმცა, ბევრი მათგანი ასევე მომატებული გონებრივი აქტივობითაც გამოირჩევა, რის ხარჯზეც თქვენს “ჰაეროვან შვილს” ბევრი თხილეული და ისეთი ტიპის სასარგებლო პროდუქტი უნდა მოუმარაგოთ, რომელიც ტვინის აქტივობას მაქსიმალურად უწყობს ხელს.