როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მსურს გავემიჯნო გოგი თოფაძის განცხადებას

10/03/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გოგი თოფაძის მიერ თურქეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებით განცხადებას გამოეხმაურა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის სახელით პარლამენტარის განცხადებას გაემიჯნა. მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთსა და საქართველოს მტკიცე მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დღითიდღე ღრმავდება.

“როგორც ჩვენი უწყების, ასევე მთავრობის სახელით მსურს გავემიჯნო განცხადებას, რომელიც გააკეთა ბატონმა გოგი თოფაძემ. თურქეთი არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თურქეთი არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი როგორც ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით, ასევე საინვესტიციო კუთხით. ჩვენ თურქეთთან ყოველდღიურად ვაღრმავებთ ორმხრივ თანამშრომლობას, რომელიც არის ძალიან მტკიცე და დაფუძნებულია ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე”, – განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის გრძნობს და აფასებს თურქეთის მხარდაჭერას და მზად არის ერთობლივი ძალისხმევით და მეგობარ სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ორი ქვეყნისა და რეგიონის განვითარება და მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0