როგორ ჩანს, დაიწყო უკვე წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქვეწარმავლების სეზონი, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მიმართული იყო სახელმწიფოს, ხელისუფლების, საზოგადოების წინააღმდეგ და პოლიტიკურად ანგაჟირებული ბევრი იმ ჯგუფის წარმოსაჩენად, რომლებიც ახლა ხელისუფლებას უპირისპირდებიან.
“როგორ ჩანს, დაიწყო უკვე წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქვეწარმავლების სეზონი. სხვანაირად არ შემიძლია ვთქვა იმ კამპანიაზე, რომელიც ორიოდე დღის წინ მოხდა, ვგულისხმობ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. ეს, რა თქმა უნდა, მიმართული იყო სახელმწიფოს, ხელისუფლების, საზოგადოების წინააღმდეგ და პოლიტიკურად ანგაჟირებული ბევრი იმ ჯგუფის წარმოსაჩენად, რომლებიც ახლა ხელისუფლებას უპირისპირდებიან. ამავე დროს, იმ პოზიტივის გადასაფარად, რომელიც ხდება, კერძოდ, ლარის გამყარება, თუ ვიზალიბერალიზაციის საქმე. პირველი კითხვაა ის, თუ ვის აწყობდა ეს. საინტერესოა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს პასუხი აქვთ ამ კითხვაზე, თურმე ეს აწყობდა და ეს ჩადენილი აქვს ერთ ადამიანს, თურმე ეს ადამიანი ერთი ხელით ეკლესია-მონასტრებს აშენებდა, თეატრებს, შენობებს და მეორე ხელით იღებდა ამ ჩანაწერებს და თავისივე შექმნილ კოალიციას თურმე ამ ჩანაწერებით უპირისპირებდა. ერთ-ერთი ლიდერი გუშინ დაჟინებით, ნერვიულად საზოგადოებას აძალებდა, რომ სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილიო. მიჩნდება სავსებით გონივრული ეჭვი, რომ გიგა ბოკერია შენ ხომ არ ხარ მართლა ამ საქმეში გახვეული შენს ოდესელ შეფთან ერთად”, – განაცხადა ქანთარიამ.
მისივე თქმით, მეორე დღესვე “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოაცხო პირადი თავისუფლების ქარტია, სადაც არც მეტი, არც ნაკლები პირველი პუნქტი უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებაა.
“მიჩნდება ასევე ეჭვი იმისა, რომ ასე უცბად მეორე დღესვე “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამოაცხო პირადი თავისუფლების ქარტია, სადაც არც მეტი, არც ნაკლები, პირველი პუნქტი უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებაა, რომელსაც ალბათ, შემდეგ უნდა მოჰყვეს პროკურატურის გაუქმება, რათ გვინდა შსს, დავზოგოთ ფული და ამ ფულით ვიყიდოთ, ერთი წითელი ხალიჩა აქედან ოდესამდე და მერე ვთხოვოთ, რომ იქნებ ჩაიბაროთ ხელისუფლება, მაგრამ ეს არ ვიცით არჩევნებამდე, თუ შემდეგ მოხდეს. ალბათ, ჯობს მაინც ხალხს ვკითხოთ ეს ამბავი. ამას სინამდვილეში თქვენც კარგად იცით, რომ ვერ ეღირსებით, ცხადში ეს არ მოხდება, ამიტომ გირჩევთ, რომ დალიოთ ტკბილი ჩაი, იქნებ ეს სიზმარში ნახოთ”, – განაცხადა ქანთარიამ.