როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს

23/08/2017

როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს.
ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ჩვენმა ჯარისკაცებმა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს, დილის 5 საათისთვის კი მოხდა მთლიანად ლოკალიზება, შემდეგ, მეხანძრე-მაშველების დახმარებით, საბოლოოდ ჩააქრეს ხანძარი. რაც შეეხება ბორჯომის ხეობას, ცეცხლის გავრცელების არეალი არის გაცილებით შემცირებული, თუმცა რჩება რამდენიმე კერა, განსაკუთრებით რთულია წაღვერის და ტიმოთეს უბნის ქედზე გავრცელებული ცეცხლი. დღეს, ამ წუთას, მთელი ავიაციის რესურსის მობილიზება ზუსტად ამ კერაზე ხდება, რათა საღამოსთვის ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ცეცხლი. მოგეხსენებათ ქარია, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ძალიან ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს კერაც დავძლიოთ. რა თქმა უნდა აუცილებელი აღნიშვნის ღირსია, რომ ამ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 24 საათის განმავლობაში, რამდენიმე დღის მანძილზე, ძალიან ბევრი იშრომეს ჩვენმა სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეხანძრე-მაშველებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებმაც უდიდესი სოლიდარობა გამოხატეს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აუცილებელი აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ბელორუსი. თქვენ ხედავთ მათ წარმომადგენლებს, როგორც ცოცხალ ძალას, ასევე მძიმე ტექნიკას. ასევე უნდა ვთქვა, რომ ყოველ წუთს მოდის დახმარების შემოთავაზება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად უცილებლად დავამარცხებთ. შტაბი აგრძელებს 24 საათის განმავლობაში მუშაობას, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ. სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება შტაბი გააგრძელებს დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობას. ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენი უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ. უნდა შევიმუშაოთ ტყის აღდგენის პროგრამა. რომლის შემუშავებაში ჩავრთავთ ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას, დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს. უნდა შეიქნას ფონდიც, სადაც მოზიდული იქნება ყველა საჭირო რესურსი, აუცილებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად. უკვე გამოითქვა არაერთი კერძო ინიციატივა ტყის საფარის აღდგენის მიმართულებით, რაც მისასალმებელია. როგორც ერთად ვამარცხებთ სტიქიას, ასევე ერთად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0