რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.
განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. მისი განცხადებით, 13 ოქტომბერს 11.00 საათიდან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი მოთხოვნა გაეგზავნება.
ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისთვის სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის მომართვა საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 26 სექტემბერს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნების შესახებ.
თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებული მოვლენები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და აღნიშნული ფაქტის შესწავლა და გარკვევა მოითხოვეს. უმცირესობის წარმომადგენლებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.
„საკრებულოს წინა სხდომაზე ოპოზიციამ შენობის გარშემო ობსტრუქცია მოაწყო, იძალადა და დააზიანა საკრებულოს ინფრასტრუქტურა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ამის შემდეგ, დღევანდელ სხდომაზე წინასწარ იყო ოპოზიციის მხრიდან დაანონსებული, რომ უნდა ჩაშლილიყო დღევანდელი სხდომა. კანონში გარკვევით წერია, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოს აქვს უფლება იმუშაოს, განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები. ოპოზიცია დღეს სწორედ ამ უფლებას დაემუქრა და საკრებულომ მიიღო შესაბამისი ზომები და შენობაში შეუშვა მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები, მედიის და ომბუდსმენის წარმომადგენლები. საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით იქნა მიღებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის წევრებს აღნიშნული ფაქტის სამართლებრივი მხარე განუმარტა.
„პარლამენტის წევრების შენობაში არ შეშვებასთან დაკავშირებით, ბიუროს სხდომამდე საკრებულოს ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი და საკითხი მათი მხრიდან შემდეგნაირად განიმარტა – მართალია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა საკრებულოს სხდომაში სათათბირო ხმით მონაწილეობის შესაძლებლობას, თუმცა საკრებულოს ხელმძღვანელობის და ადგილობრივი თვითმმართველობის განმარტებით, მათი სამართლებრივი პოზიციის თანახმად, რეგლამენტის ეს ნორმა ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს. კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფოს კომპეტენციები გამიჯნულია და თვითმმართველობის საკითხებში სახელმწიფოს წარმომადგენლების ჩარევის მხოლოდ ორ ფორმას ითვალისწინებს – ეს არის სახელმწიფო ზედამხედველობა და სახელმწიფო აუდიტი. არც ერთ სხვა ფორმას სახელმწიფოს პირდაპირი თუ არაპირდაპირ ჩარევას არც კონსტიტუცია და არც თვითმმართველობის ევროპული ქარტია არ ითვალისწინებს.აქედან გამომდინარე, საკრებულოს ხელმძღვანელობის პოზიცია იყო ის, რომ მოქმედი რეგლამენტი ეწინააღმდეგება როგორც თვითმმართველობის კოდექს, ასევე ქარტიას და კონსტიტუციას და ამის საფუძველზე მათ გამამართლებლად მიაჩნიათ დეპუტატების არ დაშვება საკრებულოს სხდომათა დარბაზში და ზოგადად თვითმმართველობის შენობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს
10/10/2017