რევაზ ასათიანმა მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

20/05/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ასათიანმა, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ილია საბაძესთან ერთად, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, წალკაში ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ადგილობრივი მოსახლეობის აგრო და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით გადამზადება განხორციელდა.
„გასულ წელს დამტკიცდა სოფლის განვითარების ეროვნული სტარტეგია, რომელიც განსაზღვრავს 2017-2020 წლებისთვის ქვეყნის ხედვას ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება. ამ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომხარს უჭერს რეგიონებში აგრო და ეკოტურიზმის განვითარებას. სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება და ტურისტული მომსახურების საშუალებების განვითარება, აისახება სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებასა და სიღარიბის შემცირებაზე, რაც დადებით გავლენას იქონიებს საქართველოს რეგიონების განვითარებაზე”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეხვდა ფერმერებს, რომლებიც ტურისტებს საკუთარ მეურნეობებში წარმოებულ პროდუქტს შესთავაზებენ. რევაზ ასათიანი ასევე გაეცნო FAO-ს პროექტის ფარგლებში შექმნილ სამ ტურისტულ მარშრუტს (საფეხმავლო, ველო და საავტომობილო), რომლებიც 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დათვალიერების საშუალებას იძლევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0