მცხეთაში, სასტუმრო „ჯინო ველნესში“ ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (nala) ექსპერტთა ჯგუფის მორიგი შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოების სტატუსსა და სტრუქტურულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის განხილვა წარმოადგენდა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის დავით მელუას განცხადებით, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მაღალ ინფორმირებულობას უზრუნველჰყოფს.
ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობის არსებული მოდელის რეფორმირების აუცილებლობა. მათი თქმით, დღეს არსებული მოდელი წარმომადგენლობით და აღმასრულებელ შტოებს შორისაა გახლეჩილი და მეტ ინტეგრაციას საჭიროებს.
ექსპერტთა მოსაზრებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში დაგეგმილი ცვლილებები, კერძოდ, 7 ქალაქისთვის (თელავი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი) თვითმმართველობის უფლების გაუქმება, აღნიშნული ქალაქების სტატუსის დაქვეითებას არ ისახავს მიზნად. მთავარი იდეა საზოგადოების თვითმმართველობასთან დაახლოვება და ყველა რეგიონის შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის სტატუსის გათანაბრებაა, რაც ამავდროულად რესურსების რაციონალურ გამოყენებას გულისხმობს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.
რეგიონული შეხვედრა გაიმართა მცხეთაში
05/04/2017