2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე. მომხსენებლის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, სამინისტროს საშუალება მისცა მოემზადებინა ისეთი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ქვეყნის ძირითად გამოწვევებს უპასუხებს. ამ კუთხით, გიორგი კაკაურიძემ ის მიმართულებები გამოყო, სადაც დაფინანსების გაზრდა მნიშვნელოვნად არის განსაზღვრული. საუბარია თავდაცვის უწყების და სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების, სოციალურ პროგრამებსა და პენსიების, ასევე, პედაგოგების და საჯარო სკოლებში დასაქმებული პირების ხელფასების ზრდაზე. დაფინანსება გათვალისწინებულია 500-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და დევნილი მოსახლეობისთვის ბინების მშენებლობაზე. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობაზე და უწყების ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ინფორმაცია გააცნო. მისი განცხადებით, მომავალი წლისთვის სამინისტროს დაფინანსება 2,975 მლნ. ლარს შეადგენს, საიდანაც 1,894 მლნ. ლარი საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისთვის 1,231 მლნ. ლარის დახარჯვა იგეგმება. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 520 მლნ. ხოლო მყარი ნარჩენების მართვის პროგრამისთვის – 67 მლნ. ლარი გამოიყოფა. სამინისტროს ბიუჯეტიდან ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 137 მლნ. ლარამდე დაიხარჯება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს – 2023 წელს დამატებითი ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად, თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობა, წინა წელთან შედარებით 25%-ით გაიზრდება. მომხსენებელმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და მათთვის საინტერესო თემებზე დამატებითი ინფორმაცია წარადგინა.
„სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ტარდება, ბოლო ორ წელიწადში მაღალი ეკონომიკური ზრდა მოგვცა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობებიც იზრდება. ამან საფუძველი მოგვცა იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანას აქვს, გაზრდილი ფინანსური შესაძლებლობებით გავუმკლავდეთ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.
კომიტეტის სხდომაზე, ასევე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სარატიფიკაციო დოკუმენტი წარადგინა. რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების თანახმად, თბილისში საგზაო უსაფრთხოების, საცობებისგან გათავისუფლებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, თანამედროვე აღჭურვილობის ტექნიკის განთავსება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა იგეგმება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 15 წლის ვადით, 47 მლნ. ევროს მოცულობის კრედიტს და 1.5 მლნ. ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს. პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.