„ქვეყნის ეკონომიკური სიტუაცია და მაკროეკონომიკური პარამეტრები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მთავრობა მისი ხელმძღვანელობით ატარებს, შედეგი მოგვცა. შედეგი არის ის, რომ მეორე წელია მდგრადი, მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ჩვენს ქვეყანას. ეს შესაძლებლობას გვაძლევს მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები და მეტი სოციალური პროგრამები დავაფინანსოთ“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ სხდომის დასაწყისში, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილებოდა.
საკითხის მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საბიუჯეტო ცვლილებების მომზადების წინაპირობებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. „მიმდინარე წლის 7 თვეში ექსპორტი 36.4%-ით გაიზარდა, ადგილობრივი ექსპორტი 31%-ით არის გაზრდილი. ტურიზმის აღდგენაც იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე დაგეგმვის დროს იყო გათვალისწინებული. ასევე დადებითად იმოქმედა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლამ. ყოველივე ზემოაღნიშნულმა საშუალება მოგვცა განვაახლოთ ეკონომიკური პროგნოზები და ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მომხსენებელმა სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდილ ასიგნებებზე ისაუბრა, რაც განახლებული მონაცემებით 19 651,2 მლნ ლარს შეადგენს. მანვე კომიტეტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის დამატებით 80 მლნ. ლარის გამოყოფაზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებზეც უწყება დამატებით თანხებს მიმართავს. მისი განცხადებით, სამინისტროს ასიგნებები იზრდება 2 975,0 მლნ ლარს შეადგენს. ასიგნებების ზრდა კი ძირითადად 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული.
„დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის და შესაბამისად გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტები, დღგ-ის გაზრდის შედეგად 1 366,7 მლნ ლარს მიიღებენ, რაც 100,3 მლნ ლარით აღემატება თავდაპირველ პროგნოზს. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების დაფინანსება იზრდება 66 მლნ ლარით და 343 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის – 65 მლნ ლარით იზრდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსფერი, ხოლო 1 მლნ ლარით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის განსაზღვრული ტრანსფერი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს, კომიტეტის წევრებმა, ერთხმად დაუჭირეს მხარი.