საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მოხსენება:
“დღეს ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
დღეს საქართველო ისტორიულ პროცესში იმყოფება. 3 მარტს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეიტანა. მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადების განხილვასა და პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. საქართველომ ერთ თვეში შეძლო 2,669 კითხვაზე პასუხის გაცემა და ევროკომისიისთვის დაბრუნება. 3600 გვერდიან ნაშრომზე, რომელიც 9 ტომისგან შედგება, რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე მუშაობდა. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქვეყნისთვის დაუღალავი სამსახურისთვის და ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით აღვნიშნო პარლამენტის აპარატის თანამშრომლების წვლილი ამ კითხვარის შევსებაში. ამჟამად ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით. რეფორმების განხორციელებაში საქართველოს განვლილი წლების შედეგების და გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი პოზიტიურად უპასუხებს ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას და ჩვენი ხალხის მტკიცე სურვილს. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილის-მოსურნეთა შესაძლებლობები. ამასთან ერთად, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ მხარდაჭერის გამოსახატად საპარლამენტო დელეგაციით ესტუმრა უკრაინელ კოლეგებს კიევში. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ომის დაწყებამდე უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო. კიდევ ერთხელ გამოვხატავ სრულ სოლიდარობას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვებ მათ მშვიდობას.
დღეს საქართველოს პარლამენტი გამართულად ფუნქციონირებს. თუმცა, 2021 წელი ამ ცენტრალური სახელმწიფო ინსტიტუტისთვის რთული იყო.
2020 წლის ივლისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საკანონმდებლო რეფორმების შედეგად შესაძლებელი გახდა უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბება. ამის შედეგად, პირველად პროპორციული წარმომადგენლობის ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია თანხმდებოდა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან და პლურალისტურ გარემოში და ამომრჩევლის ნება თავისუფლად იყო გამოხატული. თუმცა, მოქალაქეთა მხარდაჭერით უკმაყოფილო პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, რითიც შეზღუდეს ნორმალური და ჯანსაღი საპარლამენტო ცხოვრება. შესაბამისად, შეეცადნენ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ ქვეყანაში სტაბილურობა. არჩევნებს გაყალბებულს უწოდებდნენ იმის მიუხედავად, რომ ვერ წარმოადგინეს ვერცერთი კონკრეტული ფაქტი ისეთი არსებითი დარღვევისა, რომელსაც შეეძლო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 17 თებერვლის დადგენილებით, შეიქმნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა და წერტილი დაუსვა ხელოვნურად შექმნილ გაურკვევლობას.
დოკუმენტურად დადასტურდა, რომ არჩევნების დღესვე წამოყენებული ბრალდება არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოცხადების შესახებ იყო ტყუილი;
რომ ბრალდება ჭარბი რაოდენობის ბათილი ბიულეტენების შესახებ იყო ტყუილი; რომ ბრალდება ბიულეტენების ჭარბი მეტობის თუ ნაკლებობის შესახებ იყო ტყუილი, და ბოლოს, პირველად საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი პარტიების პროტესტი – იყო ტყუილი. ტყუილი, ტყუილი, ტყუილი.. და ამ ტყუილის შედეგად საკუთარი ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი.
ხალხის მიერ მიცემული მანდატის, ნდობისა და იმედების ამდენად უპატივცემულოდ მოპყრობა სრულიად გაუმართლებელია. პარლამენტის წევრებმა ამომრჩევლების იმედები სწორედ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართულობით, მათ პრობლემებზე გამოსავლის შეთავაზებით უნდა გაამართლონ და არა ლეგიტიმურ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევით, შტურმით და ძალადობით. საერთო ჯამში, ერთპარტიული პარლამენტის სცენარი ჩაიშალა და დღეს პარლამენტი ისეა წარმოდგენილი, როგორც ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა. ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენი ძალისხმევით პარლამენტი აგრძელებდა საქმიანობას და ზრუნავდა მოქალაქეების კეთილდღეობაზე. პარლამენტი დროულად და წარმატებით მოერგო პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობას, რათა პარლამენტის წევრებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება შეუფერხებლად გაეგრძელებინათ.
საკანონმდებლო საქმიანობა აქტიურად მიმდინარეობდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში და იცით, რომ საანგარიშო პერიოდი შეეხება 2021 წელს, გაიმართა პარლამენტის 62 პლენარული სხდომა (მათ შორის, 15 რიგგარეშე). პარლამენტმა მიიღო 338 კანონი, 1068 დადგენილება, მოახდინა 46 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, მიიღო რეზოლუცია „საგარეო პოლიტიკის შესახებ“ და “პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ”.
თავისი მნიშვნელობითა და შედეგებით გამორჩეულია შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები:
არსებითი საარჩევნო რეფორმა. კერძოდ, გახსოვთ, რომ იყო შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმებით, გაუმჯობესდა საარჩევნო კანონმდებლობა არჩევნების გამჭვირვალობის, პლურალიზმის და ეფექტიანი ადმინისტრირების მიმართულებით.
ამას გარდა, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში, რომლითაც გაიზარდა აზარტული თამაშების მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი, დამკვიდრდა თამაშზე დამოკიდებული პირისა და აკრძალული პირის ცნებები, განისაზღვრა პირთა წრე, რომელსაც აეკრძალა აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა; და იცით, რომ ამ ცვლილებას განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს საზოგადოებაში და განსაკუთრებით მიესალმნენ ამ რეგულაციებს.
ამას გარდა, საქართველომ ხელი მოაწერა და სავალდებულოდ აღიარა „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაეროს კონვენცია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, განვითარებას. მსურს, ყურადღება გავამახვილო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. 2021 წელს მოხდა პარლამენტმა მოახდინა საქართველოს კანონმდებლობაში 13 დირექტივისა და რეგულაციის გათვალისწინება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი კანონპროექტებიდან აღსანიშნავია „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღება, რითაც კორპორაციულ სფეროში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა, მოწესრიგდა ძველი კანონით დაურეგულირებელი საკითხები, შეიქმნა ბიზნესგარემოსთვის უფრო მოქნილი და ხელსაყრელი პირობები;
ასევე, აღსანიშნავია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ადგენს წყლის რესურსების მართვის ახალ სისტემასა და სტანდარტებს, განსაზღვრავს საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდისთვის მიკუთვნებულ წყლებს და წყლის რესურსების საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასეთი კანონები და ევროკავშირის რეგულაციების გადმოტანა აჩვენებს სწორედ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის ევროპული სტანდარტის, ხარისხის, შინაარსის და ევროპულ ფილოსოფიაზე დაფუძნებული კანონმდებლობის მიღება. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი აქტიურად იყენებდა საზედამხედველო ინსტრუმენტებს და აკონტროლებდა საქართველოს მთავრობის საქმიანობას.
2021 წელს მინისტრის საათის ახალ ფორმატში, რომელიც ახალი რეგლამენტით დამკვიდრდა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მოხსენებები წარმოადგინა 12-მა მინისტრმა. ასევე, პარლამენტმა მოისმინა პრემიერ-მინისტრის „სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება“.
პლენარულ სხდომებზე მოსმენილ იქნა საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების: საქართველოს სახალხო დამცველის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშები. საერთაშორისო დონეზე საპარლამენტო კავშირების გაძლიერება საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გახლდათ. პანდემიის გამო შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას. კერძოდ, საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ვენის და მადრიდის ასამბლეებში, აგრეთვე, ათენში გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში. საერთო ჯამში, აღნიშნული მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 40-ზე მეტი ოფიციალური და არაფორმალური შეხვედრა ევროპის, აზიის და აფრიკის კონტინენტების სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. ამასთანავე, ონლაინ და პირისპირ ფორმატებში საპარლამენტო კავშირების გასაღრმავებლად ინტენსიური იყო თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ევროპის საბჭოსთან, ნატოსთან, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტებთან, როგორც კომიტეტების, ისე მეგობრობის ჯგუფების და მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ფარგლებში.
ეს აქტივობები ეფექტიანად იქნა გამოყენებული საქართველოს სტრატეგიული და მეგობარი ქვეყნების პარლამენტებთან ურთიერთობების გაღრმავების, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, არაღიარების პოლიტიკისადმი მხარდაჭერის გაზრდის და ზოგადად, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების ხელშეწყობის მიზნით. პარლამენტის ზემოაღნიშნული საქმიანობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ უფრო მოცულობით ანგარიშში, რომელიც უკვე ჩატვირთულია თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში და ასევე, განთავსდება ვებ-გვერდზე.
მინდა, აქვე მოგახსენოთ შედარება 2022 წლისთვის, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თუკი ავიღებთ ვიზიტებს, განხორციელდა უკვე 43 გასვლითი ვიზიტი და შემომავალ ვიზიტად ჩვენთან იმყოფებოდა 11 დელეგაცია.
2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმისა და ახალი რეგლამენტის პირობებში პარლამენტი ძლიერ პოლიტიკურ ორგანოდ ჩამოყალიბების პროცესს დაადგა. ამ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, პარლამენტი მიმდინარე წელს დაიწყებს რეგლამენტის დახვეწაზე მუშაობას, რათა არსებული საკანონმდებლო და საზედამხედველო ინსტრუმენტები კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ. პარალელურად, მნიშვნელოვანია პარლამენტის ინსტიტუციურ-ორგანიზაციული განვითარება. ამ მხრივ ყურადღება დაეთმობა პარლამენტის აპარატში დანერგილი პროცესების ეფექტიანობის ამაღლებას. პარლამენტის აპარატის ამოცანა უნდა იყოს სამი მიმართულებით ეფექტიანი და ხარისხიანი სერვისის მიწოდება: პირველი, აპარატის შიგნით სხვადასხვა დანაყოფებს შორის; მეორე, აპარატის მიერ პარლამენტის წევრისთვის მისი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო სერვისის მიწოდება; მესამე- აპარატის მიერ მოქალაქეებისთვის სერვისის მიწოდება.
შედეგად, 2024 წლისთვის მივიღებთ პარლამენტს, როგორც ძლიერ პოლიტიკურ ინსტიტუტს და გამართული პროცესების მქონე ორგანიზაციას. ამ მხრივ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით უკვე განვახორციელეთ საჭიროებების კვლევა, სადაც გამოიკვეთა პარლამენტის წინაშე მდგარი გამოწვევები. შემდეგ ეტაპზე იგეგმება რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელება.
2022 წელი დაეთმობა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების დაწყებას. დაგისახელებთ, მხოლოდ ძირითად რეფორმებს, რომლებზეც ჩვენი პარლამენტის კომიტეტები მიმდინარე წელს იმუშავებენ:
აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ქართული კანონმდებლობა კანონის დონეზე არ იცნობს ფერმერის და ფერმერული მეურნეობის სტატუსს, რაც ართულებს რეალური ფერმერული საქმიანობის და ფერმერის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
1) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, განსაკუთრებით, საძოვრების გასხვისებისას მნიშვნელოვანია მიწის საკუთრებაში თუ დროებით სარგებლობაში გადაცემისას უპირატესი უფლება ჰქონდეს ფერმერს, რომელიც მიზნობრივად გამოიყენებს აღნიშნულ მიწას;
2) სახელმწიფოს პოლიტიკის განსაზღვრისას, მათ შორის, ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებისას, ხშირად ვერ ხდება ფერმერთა იდენტიფიცირება და მიბმულია საკუთრებაში არსებულ სასოფლო სამეურნეო მიწაზე, რაც არ იძლევა რეალურ სურათს;
3) ფერმერთა ერთიანი ბაზის/რეესტრის არსებობის პირობებში შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროგრამები ზუსტად პასუხობდეს ფერმერთა არსებულ საჭიროებებს და იყოს მათზე მორგებული.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განაგრძობს პირველი მოსმენით მიღებული „აღსრულების კოდექსის“ ახალი პროექტის განხილვას. აღსრულების კოდექსი წარმოადგენს აღსრულების სფეროში ახალ, ერთიან, სისტემატიზებულ საკანონმდებლო აქტს, რომლის მიზანია აღსრულების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზეა დაფუძნებული. დაინერგება პროპორციულობის პრინციპი, რაც აღსასრულებელ მოთხოვნასთან მიმართებით განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებებისა და მათი მოცულობის პროპორციულობას გულისხმობს. კოდექსის მიღებით საქართველოს სააღსრულებო კანონმდებლობა დაუახლოვდება და ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების დაცვას.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი მისი მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზის საფუძველზე, იწყებს მუშაობას განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კოდექსზე. ეს კოდექსი იქნება შესაძლებლობა, რომ მოხდეს ამ სფეროში არსებული კანონების სისტემატიზაცია და ერთ დოკუმენტში მოქცევა. ასევე, კოდექსზე მუშაობის კვალდაკვალ მოიაზრება კანონებში არსებული ხარვეზებისა და კანონების ურთიერთმიმართების ფარგლებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი იმუშავებს ,,კლიმატის ცვლილების შესახებ’’ კანონის პროექტზე. კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. 2017 წელს, პარიზის შეთანხმების დამტკიცების შედეგად, საქართველო შეუერთდა შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებს და განაცხადა მზაობა, პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საკუთარი წვლილის შეტანის შესახებ. საქართველოში უშუალოდ კლიმატის ცვლილების შესახებ კანონი მიღებული არ არის. შესაბამისად, კლიმატის ცვლილების შესახებ რელევანტური ინფორმაცია ფრაგმენტირებულია სხვადასხვა სექტორულ საკანონმდებლო აქტებში. ამდენად, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2022 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს “ტურიზმის შესახებ” საქართველოს ახალი კანონის შემუშავება, რომელმაც ერთის მხრივ, უნდა ჩაანაცვლოს მოძველებული მოქმედი კანონი და მეორე მხრივ, უზრუნველყოს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება და სფეროსთან დაკავშირებული დირექტივების ქართულ კანონმდებლობაში დანერგვა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – 2022 წლის პერიოდში კომიტეტი იმუშავებს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონზე და სხვა დარგობრივი საკანონმდებლო აქტებზე. განსაკუთრებით აქ მნიშვნელოვანია დამატებითი პრივილეგიების მინიჭება ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის. ეს ცვლილებები უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს, კერძოდ:
უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა საქართველოში რომ შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, განახორციელონ სამეწარმეო და შრომითი საქმიანობა; საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღონ გამარტივებული წესით.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2022 წელს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განსახორციელებლად, როგორც ცალკე, ისე დარგობრივ კომიტეტებთან ერთად, მოისმენს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების პერიოდულ ანგარიშებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ, გააკონტროლებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მათ შესრულებას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმით უკვე განსაზღვრულია აღნიშნულ საკითხებზე საკომიტეტო მოსმენების გამართვის პერიოდულობა და თემატიკა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა მიმდინარე წელს თავად დააინიცირა და პარლამენტმა მიიღო „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელმაც ეს სფერო ევროპულ კანონმდებლობას დაუახლოვა და ამით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯით წინ წაგვწია ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ. ამ ცვლილებებმა ჩვენს მოქალაქეებს, მომხმარებლებს გაუჩინა ახალი შესაძლებლობები საკუთარი უფლებების დაცვისთვის.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი შეიმუშავებს „თავდაცვის კოდექსს“, რომელიც შექმნის ტოტალური თავდაცვის მყარ სამართლებრივ საფუძვლებს, მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გააუმჯობესებს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობას და მოახდენს თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას. კოდექსით განისაზღვრება ეროვნული მედეგობის გაძლიერების და ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზების საფუძვლები, განხორციელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემის რეფორმა და საკანონმდებლო დონეზე გამყარდება სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური გარანტიები.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტი, რომელსაც, როგორც წესი, უწევს ყველაზე მეტი კანონპროექტის განხილვა, წელს იწყებს ორ ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობას. ეს გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მომწესრიგებელ ახალ კოდექსზე მუშაობა და სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული გადასინჯვა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსით სისტემურად მოწესრიგდება კანონის არსებული დებულებები და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მკაფიო ნორმები. როგორც იცით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის ერთ-ერთი ის კანონი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია მიღებული, 1984 წელს. სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მისი უდიდესი ნაწილი უკვე შეცვლილია და მორგებულია თანამედროვე რეალობას, თუმცა, თავისთავად, ეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცის გამოწვევაა, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ მიიღოს ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს – აქ ზოგადი და კერძო ნაწილები გადაისინჯება და ყურადღება გამახვილდება ისეთ კონცეპტუალურ საკითხებზე, როგორებიც არის: სასჯელის დანიშვნის პრინციპები, სასჯელის სახეები, პირობითი მსჯავრი, გამოსაცდელი ვადა და სხვა; ყურადღება გამახვილდება, ასევე, მთელ რიგ დანაშაულთა შემადგენლობებზე, მათ დამამძიმებელ გარემოებებზე, მათი ჩადენისას გამოსაყენებელ სასჯელებსა და სხვა საკითხებზე. ჩვენი მიზანია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა თვისებრივად ახალ სტანდარტზე აიყვანოს ამ ორი დარგის მომწესრიგებელი ნორმები.
კულტურის კომიტეტისთვის 2022 წელს პრიორიტეტს წარმოადგენს სახელოვნებო განათლების რეფორმა. ამ რეფორმის განხორციელების საჭიროება განაპირობა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში შექმნილმა კვალიფიციური კადრების დეფიციტმა და სახელოვნებო სფეროს დასუსტებამ, რაც 2006 წელს განხორციელებული წარუმატებელი რეფორმის შედეგია. ამასთან, რეგულირების მიღმა აღმოჩნდა სკოლის გარეთ სახელოვნებო განათლების სისტემა, ხოლო სახელოვნებო ფორმალური და არაფორმალური განათლების კომპონენტებს შორის მოხდა აღრევა. სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. დარგის სპეციალისტებთან ერთად, სამუშაო ჯგუფში ჩართულები არიან საერთაშორისო ექსპერტებიც. კომიტეტი გეგმავს შეიმუშავოს „სახელოვნებო განათლების შესახებ“ კანონი, რომელიც ამ სფეროს ძირეულად მოაწესრიგებს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2022 წლის განმავლობაში კონცენტრირებული იქნება ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლზე, რომლის ფარგლებშიც კომიტეტი შეისწავლის, თუ როგორ მიმდინარეობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პრაქტიკული რეალიზება. ვინაიდან კანონის გავრცელების არეალი საკმაოდ ფართოა, ხოლო ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან ყოველ წელს იხარჯება მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხა, მნიშვნელოვანია პარლამენტმა შეისწავლოს, თუ რამდენად მიიღწევა ამ კანონის მიზნები.საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2021 წლიდან დანერგა საქართველოში არსებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების საკომიტეტო მოსმენების პრაქტიკა. 2022 წლის განმავლობაში დაგეგმილია ამ პრაქტიკის გაგრძელება. ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გეგმავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მოსმენას, რაც ასევე ახალ პრაქტიკას წარმოადგენს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2022 წელს იმუშავებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დახვეწაზე. როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად პარლამენტმა ხარისხობრივად ახალი და მძლავრი ფუნქციები შეიძინა, რომელიც მოგვიანებით გამყარდა 2018 წელს მიღებული პარლამენტის ახალი რეგლამენტით. მოქმედი რეგლამენტი უკვე ოთხი წელია რაც უდევს საფუძვლად საქართველოს პარლამენტის საქმიანობას. ეს პერიოდი, ვფიქრობ, საკმარისია, რომ გავაანალიზოთ რეგლამენტის ეფექტიანობა და სიცხადე და ჩვენი პრაქტიკის საფუძველზე დავხვეწოთ საპარლამენტო საქმიანობის პროცედურები.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის მთელი წლის განმავლობაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია. კომიტეტი ხელმძღვანელობს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცესს, რომელიც მოიცავს როგორც პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში სახელმწიფო ბიუჯეტის და მასში ცვლილებების განხილვების ორგანიზებასა და კოორდინაციას, ისე, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საერთო კონტროლს. ამასთან ერთად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად, გახლავთ ის კომიტეტი, რომელსაც უწევს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის კანონპროექტებზე მუშაობა მათი ფინანსური კუთხით შესასწავლად.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისთვის 2022 წლის განმავლობაში ერთ-ერთ პრიორიტეტს ახალგაზრდების დასაქმებისა და მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს. ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით კომიტეტი გეგმავს 2021 წელს ჩატარებული თემატური მოკვლევის – „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“ – შედეგად მომზადებული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლის განხორციელებას. მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ გუშინ პირველი მოსმენით უკვე განხილული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით სახელმწიფო უწყებებში გავლილი სტაჟირება ჩაითვლება სამსახურეობრივ გამოცდილებად, რაც დამწყები სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – 2022 წელს კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს ორგანული კანონი – „საქართველოს შრომის კოდექსი“ და მასში ცვლილებების შეტანა , განსაკუთრებით, ახალშობილის ოჯახის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
მოხსენების დასასრულს, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს. თითოეული საპარლამენტო აქტივობის უკან დგას მათი შრომა და საქმისადმი ერთგულება.
მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ჟურნალისტებს. 21-ე საუკუნეში სიტყვას და გამოსახულებას დიდი ძალა აქვს. გისურვებთ, რომ მაღალი პასუხისმგებლობით მოეპყროთ ამ ძალას.
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიღმა დგას საქართველოს ეროვნული ინტერესები, ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. ამიტომ, ამ პროცესში პარლამენტი კვლავაც ღია იქნება ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია შედეგზე ორიენტირებული, კონსტრუქციული საქმიანობით”.