რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

23/04/2020

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, პარლამენტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის ინიციატორის განცხადებით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები არ შესულა. ზოგადად, იგი ორიენტირებულია მოქალაქეთა ინტერესებზე, მათი უფლებების დაცვაზე და მათი შესაძლებლობების რეალიზებაზე. საქმე ისაა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია, საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, არა უგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა, მიმართოს თბილისის საკრებულოს, აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. კანონპროექტის თაობაზე, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, კომიტეტის წევრებს რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ ჰქონდათ და მას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0