რეგიონული თეატრების ფესტივალი ნოქალაქევში გაიხსნა

23/07/2021

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას ნოქალაქევში დაესწრო. ფესტივალის პირველი სპექტაკლი, „სტუმარ-მასპინძელი“, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა. ( რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი 22-24 ივლისს ტრადიციულად წელსაც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და მასში რეგიონული თეატრალური დასები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 22 ივლისს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტირებულ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ დახურულ და ღია სივრცეებში რეკომენდაციების სრული დაცვით იმართება. ფესტივალში მონაწილეობს 12 ქართული რეგიონული და უცხოური თეატრალური დასი ლიეტუვადან. ფესტივალის ფარგლებში, 22-24 ივლისს სპექტაკლები სენაკის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილზე იმართება, ხოლო 25-31 ივლისს ფესტივალი ფოთში გადაინაცვლებს. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს ქალაქ ფოთში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი – თენგიზ ხუხია.
ფესტივალის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0