რეგიონის მასშტაბით საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალს ჩაუტარდა კოვიდ ტესტი

01/03/2021

მცხეთა-მთიანეთის საბავშვო ბაღებში, როგორც მთელს საქართველოში, სწავლის პროცესი დღეიდან განახლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის თქმით ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში ხორციელდება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება.

„რეგიონის მასშტაბით საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალს ჩაუტარდა კოვიდ ტესტი. სამწუხაროდ გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა. დღეს ვიმყოფებოდი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ნომერ პირველ და ნატახტარის საბავშვო ბაღებში. მინდა ვთქვა, რომ დაწესებულებები სრულად იცავენ რეგულაციებს, რომელიც შესაბამისმა უწყებებმა პანდემიის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შეიმუშავეს, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება აღსაზრდელების თერმოსკრინინგი, ასევე სპეციალური ხსნარით მუშავდება შენობა, თანამშრომლები შენობაში იმყოფებიან პირბადეებით,“- განაცხადა დავით ნოზაძემ.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით ფუნქციონირება ვერ დაიწყო მხოლოდ სამმა საბავშვო ბაღმა, მიზეზი მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებული თანამშრომლების ტესტირება, დადგენილი რეგულაციების მიხედვით პერიოდულად განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0