დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალია შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა – 8, ასე თუ ისე, წყაროს ვხედავთ, თუმცა, მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად, მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც ქვეყანას აქვს, უნდა შევინარჩუნოთ. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ რთულ პერიოდში შევდივართ, ვინაიდან მსოფლიოში, გლობალურად, ციფრები იზრდება და უკვე კორონავირუსით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა 9 მილიონს აჭარბებს.
„რეალურად, ვირუსის გავრცელების ტემპი არ იკლებს. ჩვენთან, რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში, პირიქით, იზრდება და აქ, ჩვენ გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს, შევინარჩუნოთ. ეს მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და აქ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის განზომილებას, ჯანმრთელობის და ეკონომიკის გარდა, უკვე პოლიტიკური განზომილებაც ემატება. გიორგი გახარიას შეფასებით, საარჩევნო სისტემის ცვლილება ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
„პირველ რიგში, მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ველოდით და არაერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა, არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული და ისეთი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე – ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, ფაქტობრივად, უკვე იწყება საარჩევნო პოლიტიკური პროცესი.
„აქ, მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის უზარმაზარი, იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ყოველთვის, ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ხარისხის ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნები პანდემიის პირობებში არის გლობალური გამოწვევა, რომელიც ქვეყანას წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას მისცემს.
„არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას, არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ აქაც ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში. ბატონო ამირან, ჩათვალეთ, რომ ყოველდღიურად, ჩვენ, ჯანმრთელობასთან, ეკონომიკასთან ერთად გვემატება ჩვენი აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც და ესეც გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით,” – მიმართა პრემიერ-მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.