არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები დასრულდა. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი ლევან დავითაშვილმა და საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი მზად იქნება ოფიციალური ხელმოწერისთვის.
„რა თქმა უნდა, ეს იქნება ახალი ეტაპი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს არამხოლოდ ტარიფების გარეშე ვაჭრობის საკითხებს. და, რა თქმა უნდა, ინვესტიციების დაცვის დოკუმენტთან ერთად მნიშვნელოვანი ფუნდამენტი და წინაპირობა იქნება, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც საქართველოსთვის დამატებით გახსნის 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებს. ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის არაერთ სფეროს და საკითხს დაფარავს, მათ შორის საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას, ვაჭრობის ხელშეწყობას და სხვა. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მესამე დასკვნითი რაუნდი 15-17 მარტს გაიმართა.