რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება

18/07/2022

საქართველოს მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონის პროექტი რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე გაკეთდება ეროვნული პარკი, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება, რაც გვაქვს ამ რეგიონში და ბიომრავალფეროვნება, ვიზრუნოთ მასზე. ამავდროულად, რეგიონისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ ბიზნესი. რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ჩვენ გარკვეული ვალდებულება გვქონდა აღებული ჩვენს პარტნიორებთან, დონორებთან. ამ გადაწყვეტილებით პირნათლად ვასრულებთ ამ ვალდებულებას. ჩვენ გვაქვს დაფინანსება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან, ასევე კავკასიის ბუნების დაცვის ფონდიდან, საგრანტო დაფინანსებები დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით და ამ დაფინანსებების ნაწილი მოხმარდება სწორედ რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებას, შესაბამისი ადმინისტრაციის მოწყობას, აღჭურვას და შემდგომ მომსახურების ხარჯების გაწევას. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც აქტიურად მიჰყვება ამ კურსს, ჩვენ ყოველწლიურად ვქმნით ახალ დაცულ ტერიტორიებს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, დღეისათვის, დაცული ტერიტორიები ქვეყანაში, დაახლოებით, 800 000 ჰექტარს შეადგენს. მიმდინარე წელს, მიღებული გადაწყვეტილების და საქართველოს პარლამენტში გადაგზავნილი კანონპროექტებით, დაახლოებით 100 000 ჰექტრით გაიზრდება დაცული ტერიტორიების ფართობი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0