რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, არ უნდა გამეორდეს

02/02/2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. “გირგვლიანის შესწორებებთან” დაკავშირებით ინიციატივით გამოდის და საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები 2012 წლის “ამნისტიის შესახებ” კანონის მიხედვით განახორციელოს და შეიქმნას ეფექტური მექანიზმი, რომლითაც სისტემა სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანებისაგან გათავისუფლდება.
“სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა, სწორედ ამ კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რათა ვიყოთ გარანტირებული, რომ ეს დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების მიმართ არასდროს განმეორდება. ეფექტური მექანიზმი უნდა ამუშავდეს ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა ამ, კანონით დადასტურებულ შემთხვევებში.
ასევე, ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს ამ საქმეების გამოძიების და სურს გამოძიების დაჩქარება. მე პარლამენტშიც ვთქვი – მზად ვართ, რომ ადვოკატებთან ერთად ვიმუშაოთ, რათა მათ ამ უფლების განხორციელების უფრო ეფექტური შესაძლებლობა მივცეთ.
გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში დავპატიჟოთ გაეროს სპეციალური მომხსენებლები, საერთაშორისო ექსპერტები და სხვა ანალოგიური მძიმე გამოცდილებების სახელმწიფოებისგან მოვიძიოთ გამოცდილება, როგორ დააღწიეს მათ თავი ამ სირთულეებს, რანაირად ქმნიდნენ და ასრულებდნენ უფრო სამართლიან მართლმსაჯულების სისტემას”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე.
გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება და სისტემური პრობლემებისგან საზოგადოების წევრების რეალური დაცვა იმ ადამიანების ხელში, ვინც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით დევნას ახდენდა.
“რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, არ უნდა გამეორდეს და ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ეს აღარ მოხდეს.
როგორც განათლების მინისტრმა, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, ფაქტიურად, შევქმენი ქმედითი მექანიზმი განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნების შესახებ. შეიქმნა კომისია, რომელმაც არაერთი საქმე განიხილა და ძალიან ბევრი პედაგოგი დაუბრუნდა სკოლებს. ისინი დღესაც ემსახურებიან ქვეყანას.
შემდეგ, საპარლამენტო გამოსვლებისას არაერთხელ გავამახვილე ყურადღება პოლიტიკური ნიშნით დევნილთა, ან პოლიტპატიმართა საკითხებზე. შესაბამისად, დღეს, როდესაც ხდება ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვა, მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ გარანტიებზე, რომელიც მომავალში ასეთი ტრაგედიისგან დაგვიცავს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ “ქართულ ოცნებაში” არიან დარჩენილი ის ადამიანები, ვინც ერთად განვლილი წლებისა და გამოცდილების პატივისცემით მაინც დაუჭერენ მის ინიციატივას მხარს.
“მაგრამ მთლიანად, ჯამში “ქართული ოცნება” ძნელი განსასაზღვრია რას იზამს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0