საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებას ითვალისწინებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებისთვის პლენარულ სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, 2022 წლის 18 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და ორმხრივი პროგრამების განხორციელება იგეგმება. სხდომაზე დეპუტატები ასევე გაეცნენ პარლამენტის დადგენილების პროექტს „2017 წლის 14 ივნისის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების N1 წერილ-შეთანხმებას რატიფიცირების შესახებ“. საკითხის მომხსენებლის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის განცხადებით, წერილი-შეთანხმების თანახმად, დოკუმენტში გარკვეულ დეფინიციებთან დაკავშირებით პროცედურები იცვლება, ხოლო მეორე ცვლილება შეთანხმების ვადის გადაწევას – 2024 წლის 23 ოქტომბრამდე ითვალისწინებს. პარლამენტის წევრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებული შეთანხმება 81 ხმით, ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების ცვლილების შეთანხმება 79 ხმით მიიღეს.
რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ შეთანხმებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა
22/02/2023