საქართველოში პროფესიული განათლების ევროპული კვირეული დაიწყო, რომლის მიზანს პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და იმიჯის გაუმჯობესება წარმოადგენს. კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, კონფერენცია “უნარები ტურიზმისათვის და ტურიზმი უნარებისთვის” გაიმართა, რომელიც ტურიზმის სფეროში სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების საკითხებს ეხებოდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო GIZ-თან და სხვა პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს სამუშოაზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების მასშტაბების გაზრდაზე. აღნიშნული მიდგომა ეფექტურია, რადგან სტუდენტი სწავლის პროცესშივე ეცნობა რეალურ სამუშაო გარემოს მოთხოვნებს, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ხანგრძლივ პერიოდში დააკვირდენენ სტუდენტებს, მისცენ მათ საჭირო უნარები და საუკეთესოები დაასაქმონ კომპანიაში. დუალური განათლება ცალსახად ეფუძნება ორმხრივი მოგების პრინციპს, სადაც მოგებულია, როგორც დამსაქმებელი ასევე სტუდენტი.
კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდება მრავალფეროვანი აქტივობები, რომელიც პროფესიული განათლების შესახებ სხვადასხვა ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლებას და საუკეთესო პრაქტიკის ჩვენებას ისახავს მიზნად. პროცესში ჩართულები იქნებიან: მოსწავლეები, კომპანიები, ბიზნეს ორგანიზაციები, საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრეინინგების პროვაიდერები, სოციალური პარტნიორები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, სამთავრობო და არსამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები.
პროფესიული უნარების ევროპული კვირეული პირველად 2016 წელს გაიმართა ბრიუსელში, რომელშიც პარალელურად მონაწილეობას იღებდნენ წევრი სახელმწიფოები და სხვა მონაწილე ქვეყნები ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე.
პროფესიული განათლების ევროპული კვირეული კონფერენციით გაიხსნა
22/11/2017