პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ პირველი სხდომა გამართა

04/09/2019

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა გამართა. კომისიამ, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან შედგება, საყოველთაო-სახალხო განხილვის ვადებსა და ფორმატზე იმსჯელა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო შეხვედრა გაიმართება. არჩილ თალაკვაძის თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩატარების გრაფიკი მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.

„საჯარო განხილვები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. სულ ამ მიზნით 11 საჯარო შეხვედრა გაიმართება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას წინასწარ მივაწვდით ინფორმაციას. შევეცდებით განხილვების დროს საზოგადოებამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს და ასევე, ჩვენც მოვისმინოთ თანამოქალაქეების მოსაზრებები და ხედვა, თუ როგორ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები ამ მნიშვნელოვან ცვლილებას. ეს არის პრინციპული, ძალიან პოზიტიური ცვლილება, რომელიც თვისობრივად ცვლის საქართველოში პოლიტიკურ სისტემას და ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკა გახდება უფრო მონაწილეობითი, უფრო საქმიანი, უფრო მეტად დამკვიდრდება პარტიებს შორის თანამშრომლობის კულტურა და შემცირდება ის პოლარიზაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან და ზოგადად, პოლიტიკურ სივრცეში აქამდე არსებობდა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0