პროკურორ ქირიას ძმა: სამართალდამცველებს რომ არ ემუშავათ, მისი გვამი გამქრალი იქნებოდა

18/01/2016

მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ძმა ელდარ ქირია პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს მადლობას უხდის. მისი თქმით, რომ არა სამართალდაცველები, მისი ძმის გვამი გამქრალი იქნებოდა.

ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

„ჩემი ძმა რომ ჩამოვასვენეთ და ფიზიკურად აქ არსებობს გარდაცვლლი, ეს პროკურატურის, პოლიციის, სამართალდამცველების მუშაობის შედეგია. მათ რომ არ ემუშავათ, მე მას ვერ ჩამოვასვენებდი, მისი გვამი გამქრალი იქნებოდა. ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ელდარ ქირიამ.

ამასთან, ელდარ ქირიას განცხადებით, მისი ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიძინა კუჭავა მათი ნათესავი იყო.

„ჩვენი ნათესავი იყო, გაურკვეველ ვითარებაში ვართ“, – განაცხადა ქირიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორ ვახტანგ ქირიას სავარაუდო მკვლელმა „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელმა ბიძინა კუჭავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციითვე, ის მანქანით ქალაქიდან გადიოდა, რა დროსაც, ორი ახლობლის თვალწინ იარაღით თავი მოიკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე ამ ეტაპზე, არ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, 24-ე კორპუსში პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი გვიან ღამით აღმოაჩინეს. ვახტანგ ქირიას ხუთი დღე ეძებდნენ. გამოძიებამ მისი მობილური ტელეფონი რუსთავში იპოვა. ასევე, დაკარგულია ქირიას ავტომობილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0