პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

02/08/2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გაუპატიურებისა და ძარცვის ფაქტზე ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 03:30 საათზე, გ.ლ. ქ.თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მგზავრობდა დ.ც.-ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით. მგზავრობისას დ.ც-მ გზის სავალ ნაწილზე გააჩერა ავტომანქანა და ძალის გამოყენებით, ცემით და მუქარით დაამყარა სქესობრივი კავშირი გ.ლ.-სთან. ამის შემდეგ, დაზარალებული ეცადა ავტომანქანიდან თავისი კუთვნილი ხელჩანთის აღებას, რა დროსაც დ.ც.-მ ძლიერად ჩაარტყა ხელი სახის არეში. დარტყმის შედეგად გ.ლ. წაიქცა და თავი დაარტყა ბორდიურს, ხოლო დ.ც. ჩაჯდა ავტომანქანაში და დატოვა შემთხვევის ადგილი ისე, რომ თან წაიღო გ.ლ.-ს კუთვნილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით. აღნიშნულით, დ.ც. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ.ლ.-ს კუთვნილ ნივთებს.
2018 წლის 31 ივლისს, დ.ც. სამართალდამცველების მიერ დაკავებული იქნა მის საცხოვრებელ სახლში. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილის “დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) წარუდგინა.
წარდგენილი ბრალდება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0