პროკურატურის არაკვალიფიციურობის გამო გამოძიების ვერსიის არ მჯერა

22/06/2016

ნინო ბურჯანაძე მთავარი პროკურატურის მიერ დღეს დასახელებული ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, პარტიის სათავო ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბურჯანაძე გამოძიების ვერსიის უნდობლობის მიზეზად პროკურატურის არაკვალიფიციურობას ასახელებს.

„მე არ მჯერა გამოძიების ვერსიის იმის გამო, რომ პროკურატურამ არაერთხელ აჩვენა, რომ არ არის კვალიფიციური. პროკურატურამ ვერ შეძლო გამოეძიებინა სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებიც და დაედო ადამიანების დანაშაულის ან უდანაშუალობის დამამტკიცებელი უტყუარი და მყარი საბუთები“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, პროკურატურის არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ახლა დაიწყო გამოძიება საქმისა, რომლის გაოძიებასაც საზოგადოება პირველივე განცხადების შემდეგ ითხოვდა. პროკურატურის უკვე საყოველთაოდ ცნობილი არაპროფესიონალიზმი ნამდვილად იძლევა ძალიან სერიოზული კითხვის დასმის შესაძლებლობას.

„გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანი არგუმენტი ჩემთვის არის ის, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობდი ეროსი კიწმარიშვილის. იმ ტიპის ადამიანები, როგორიც იყო ეროსი კიწმარიშვილი, თავს არ იკლავენ. 300 ან 400 ათასი ამერიკული დოლარის ვალის გამო იმიტომ, რომ მას ჯერ ერთი, დარწმუნებული ვარ, ქონდა შესაძლებლობა თუნდაც გარკვეული სირთულეების გადალახვის შედეგად გადაეხადა ეს ვალი, გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიცი ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუ როგორი ძალიან სერიოზული გეგმები ჰქონდა ეროსი კიწმარიშვილს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილი იყო მოლოდინებით და იმედებით სავსე, მას ჰქონდა ძალიან საინტერესო პროქტები, რომლის განხორციელებასაც ის გეგმავდა და პრაქტიკულად ნაბიჯ-ნაბიჯ ჰქონდა გაწერილი როგორ უნდა განეხორციელებინა საკუთარი გეგმები.

„ადამიანები, რომლებიც მომავალზე ასეთ იმედს ამყარებენ და რომლებსაც ასეთი ნათელი გეგმები აქვთ, მითუმეტეს იმ ტიპის, იმ ტიპაჟისა და ხასიათის ადამიანები, როგორიც იყო ეროსი კიწმარიშვილი თვითმკვლელობით სიცოცხლეს არ ამთავრებენ. ბუნებრივია, ვერ ვილაპარაკებ ვერანაირ სხვა ვერსიაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ არაპროფესიონალიზმის გამო ეს გამოძიება კითხვის ნიშნებს ნამდვილად ტოვებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0