პროკურატურა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

24/11/2017

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ს.დ.-ს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით.
გამოძიებით დადგინდა, რომ ს.დ. სამ თანამზრახველთან ერთად ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ს.დ. ქ.თბილისში, 2017 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. დაკავებისას მას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდა.
ს.დ.-ს დაკავების შემდგომ, ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე – ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე. მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
ს.დ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ტერორისტული მიზნით) და 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0