საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს. როგორც prof-news-ს საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, ბრალის დადგენილება 7 აპრილს არის გამოტანილი.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტით აქვს წაყენებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს.
მთავარ პროკურატურაში ჯერჯერობით არ საუბრობენ, მიმართავენ თუ არა სასამართლოს ახალ ბრალდებაზე, მეგის ქარდავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა. როგორც მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რამდენადაც მისთვის ცნობილია გენერალი დუმბაძე საქართველოს მოქალაქე არ იყო და შესაბამისად, სამართლებრივადაც კი არ ჰქონდა საქართველოს პროკურატურას უფლება, გამოძიების წარმოების.